Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია

 საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, თქვენი მოთხოვნის და კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს თქვენი სახელის, ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის საქმისწარმოება. ამის შედეგად თქვენს სახელზე გაცემულ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობებში აისახება ხსენებული ცვლილებები. შემდგომ ცვლილებები უნდა განახორციელოთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშიც.

სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება სათანადო განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.

საკონსულო სამსახურში სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს და აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში.

სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება და ქვემოთ აღნიშნული გარემოებები. არასრულწლოვან და მხარდაჭერის მიმღებ პირებს წარმოადგენს მათი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი/მშობლები ან მხარდამჭერი). 10 წლის და ზემოთ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის სახელის ან/და გვარის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.

სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.

პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:

ა) მშობელთა შეერთებული გვარი;

ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;

გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;

დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

ე) მშვილებლის გვარი;

ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;

ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას;

თ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი. 

მომსახურების გაწევისათვის აუცილებელია საკონსულო სამსახურში გამოცხადება. 

პირადად მიმართვის და პირადად გამოცხადების ვალდებულებები არ ვრცელდება პირზე, თუ მას არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით. ასევე, თუ მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების მიღება, რომლებიც მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშია მითითებული.ამ შემთხვევაში სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით http://intpass.cra.ge/FLNameChangeDefault.aspx  ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით (რწმუნებულებით).

 

წარსადგენი დოკუმენტები

სახელის, გვარის შეცვლისათვის განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი), განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) – თუ განმცხადებელი დაქორწინებულია, განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) – თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. დოკუმენტები, რითაც დასტურდება გვარის მიღების საფუძველი (ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები).  აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს ან აღნიშნული მონაცემების მიღება შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.  წარმომადგენლის მეშვეობით სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის დროს, დამატებით წარმოსადგენია  რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცნობისათვის: გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს  შესაბამისი სამსახური იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებას.

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს შესაბამისი წესით  - აპოსტილის ბეჭდით ან ლეგალიზებული. პროცედურა დამოკიდებულია უცხო ქვეყანაზე. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ცხრილი

განსაკუთრებული წესი მოქმედებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ამ შემთხვევაში დამოწმების შემდგომ უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების ცნობა.

სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია. ცვლილების რეგისტრაციის შედეგების ასახვა მოხდება გარკვეულ სამოქალაქო აქტებში.

 

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

  • მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
  • მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების  უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
  •  არ არის წარმოადგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

 

მომსახურების საფასურია 25 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მანი ორდერის საშუალებით.

ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

100 % საფასურისგან თავისუფლდება:

  • იძულებით გადაადგილებულად – დევ­ნილად ცნობილი პირი;
  • საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პირი

10 % თავისუფლდება:

  • სტუდენტები , რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით.

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტურად.