საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება


რა შემთხვევაში შევძლებ  ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.


საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის  განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:


ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

ბ) 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი);

დ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი).

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ 250 ლარის ოდენობის მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.


საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:


ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)  მშობლის თანხმობა;

დ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.


არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.


მოქალაქეობის შენარჩუნების  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ  პირადად, გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.


შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საფოსტო გზავნილის მეშვეობით, გენერალური საკონსულოს ქ. ნიუ იორკის მისამართზე. საფოსტო გზავნილის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადის დარეგისტრირება შემდეგი ბმულის მეშვეობით - www.geoconsul.gov.geგანაცხადის რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ დოკუმენტების წარმოდგენის ფორმაში - საფოსტო გზავნილი.



საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს





გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი


Occupied Territories of Georgia

 

eVISA portal