საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აწარმოე საქართველოში



საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N 365 დადგენილებით დამტკიცებული, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში, სსიპ აწარმოე საქართველოში პროგრამის ბენეფიციარისთვის, კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ, კრედიტის/ ლიზინგის დამტკიცების შემთხვევაში უზრუნველყოფს დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას და ასევე, კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას.

ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა-5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს.

 სალიზინგო პროექტის საწყისი ღირებულება კი განისაზღვრება 100 000 (ასი ათასი) ლარით, ხოლო მაქსიმუმი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით. ამ პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის მიზნობრიობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად კრედიტის მოცულობის არანაკლებ 80 (ოთხმოცი) პროცენტისა. ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად - კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 20 (ოცი) პროცენტისა. კრედიტის/ ლიზინგის მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციული ბანკი/სალიზინგო კომპანია კრედიტს გასცემს ამ პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. ამასთან, მოთხოვნილი კრედიტის ფარგლებში არსებული რისკების შეფასება მთლიანად კომერციული ბანკის ან სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

ასევე, 2015 წლიდან სსიპ აწარმოე საქართველოში ახორციელებს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მიკრო და მცირე სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსურ 5000-დან 15000 ლარამდე და ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელებას საქართველოს რეგიონებში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების რეგისტრაციის კონკურსი დასრულებულია.

ამასთან მოგახსენებთ, რომ სსიპ აწარმოე საქართველოში აქტიურად მუშაობს ბიზნეს სექტორზე მიმართული ახალი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებაზე და ხელს უწყობს მეწარმეების წვდომას ყველა რესურსზე, რომელიც საჭიროა მათი ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისათვის. მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აწარმოე საქართველოს ვებ-გვერდზე (დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ ვებ-გვერდზე www.enterprisegeorgia.gov.ge), ასევე ცხელ ხაზზე: 1525.